პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში, არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა. უცნობია, აღიარებს თუ არა მამაკაცი მის მიმართ წაყენებულ ბრალს. ჩვენივე ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა. კლინიკა არასრულწლოვანმა 5 თებერვალს დატოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თანასოფლელის თქმით, მას შემდეგ, რაც მოზარდმა იმშობიარა, თქვა, რომ მასზე სექსუალურად მამამ იძალადა: „ბავშვი საავადმყოფოში გამოკითხეს. იქ მოყვა, რომ მას ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდა მამა. სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს“,- ამბობს „რადიო თავისუფლებასთან“ ადგილობრივი.
გამოცემა ასევე ესაუბრა სოფლის სკოლის დირექტორს, რომელიც ამბობს, რომ 17 წლის გოგომ სკოლა გასულ წელს დაამთავრა: „2023 წელს დაასრულა 12 კლასი. 5 წლის შევიდა სკოლაში, მაშინ ასაკობრივი შეზღუდვა არ იყო. ის და მისი ექვსი წლის ძმა ერთად შემოიყვანეს სკოლაში“.
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ყოფილი მოსწავლისთვის არასდროს შეუმჩნევიათ, რომ ის შესაძლოა, ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.
დირექტორის თქმით, შვილის სასკოლო ცხოვრებაში დედასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული მამაც:
„მოდიოდა, ყურადღებიანი მშობელი იყო. ამ გოგონას გარდა, ჩვენს სკოლაში მისი და-ძმებიც სწავლობენ“.
„დიახ, ახლა შევიტყვეთ ეს ინფორმაცია. ნაყოფი დაიღუპა“, - გვეუბნება რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და ამატებს: „სკოლას რაიმე რომ სცოდნოდა ძალადობის შესახებ, ჩვენ და შესაბამის უწყებებს აუცილებლად ჩაგვაყენებდა საქმის კურსში, არ დამალავდა. გოგონამ სკოლა გასულ წელს დაამთავრა და ამიტომ მასზე, როგორც სკოლის მოსწავლეზე აღარ გვქონია ინფორმაცია“.
მოზარდის თანასოფლელის ინფორმაციითვე, სოფლის მოსახლეობის ნაწილი ოჯახის „სოფლიდან გასახლებას“ ითხოვს.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო. თუ კაცს დანაშაული დაუმტკიცდა, მას 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.