ადგილები საქართველოში, სადაც თოვლის გამო მოძრაობა შეიზღუდა
1760345617
უძილაური, რომელიც ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებდა, სასამართლო სხდომაზე დღეს პირველად ალაპარაკდა და განაცხადა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა „პირად წყენას უკავშირდება“.
უძილაური ამბობს, რომ 2022 წელს, ლევან ჯანგველაძესთან, კიევში, ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა მას და მის უკრაინელ მეგობარს, სერგეი ბინდარენკოს, რის გამოც შეურაცხყოფილი იყო.
მისივე თქმით, ბონდარენკოს ჰქონდა „ბიტკოინების ქარხანა“ - რომელიც, უძილაურის თქმითვე, „მოსკოვში ძმებმა ჯანგველაძეებმა წაართვეს“.
უძილაურმა სხდომაზე თქვა, რომ ბონდარენკოს მიერ ჯანგველაძის საკონტაქტო ინფორმაციის მოძიების შემდეგ, თავად [დისტანციურად] ესაუბრა ლევან ჯანგველაძეს და სთხოვა, ბიზნესის გარკვეული წილი დაეტოვებინათ ბონდარენკოსთვის, წილის ნაწილში კი თავადაც შეეყვანათ.
„ლევანთან მოხდა ჩემი დაკონტაქტება. სულ ორი წუთით ვილაპარაკეთ, ვთხოვე თუ გაითვალისწინებდა, - ქართველი ვიყავი, - და რაღაცას დამიტოვებდა“, - თქვა ბრალდებულმა.
„ლევანმა მითხრა… დაგირეკავ და მოგაქცევენ ყურადღებასო. შენც გაგითვალისწინებენო“, - განაცხადა უძილაურმა.
თუმცა, მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ჯანგველაძეების მხარემ შეხვედრის დრო და ადგილი დაუთქვა, იქ მას და ბონდარენკოს რამდენიმე ადამიანი დახვდა. „8-10 ადამიანი“.
მისი თქმით, მათზე ფიზიკურად იძალადეს:
„ადამიანი რომ ძაღლს ჯოხს დაარტყამს, ძაღლსაც აქვს აგრესია და მე ადამიანი ვარ და ჩემი ღირსება მაქვს და ვიღაც რომ ბევრი ფული აქვს და ა.შ. ასე არ არის, რა. შეურაცხყოფილი ვიყავი. ვიცოდი, რომ ლევანი იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში, მაგრამ ინფორმაციის დონეზე მისით სულ ვინტერესდებოდი, მინდოდა დალაპარაკება. მინდოდა მეთქვა, როგორც შენ მოგვექეცი, მაგის საჭიროება არ იყო-მეთქი... პირდაპირ გეტყვით, რომ ლევანთან პირდაპირი კონფლიქტი არ მაწყობდა…
13 მარტს სერგეი მოვიკითხე, რომელმაც მითხრა, ლევანის ახლო მეგობარი დაიღუპა საქართველოშიო. ვუთხარი მისამართი და გარდაცვლილის სახელი და გვარი გამიგე-მეთქი. მითხრა, გურამ გოგია, რომელიც ჭავჭავაძის დასაწყისში ცხოვრობსო.
ვიყავი ჭავჭავაძეზე და ვნახე მისამართი, სამძიმარი სადაც იყო. მერე წავედი სახლში. შაბათს იყო დასაფლავება… პარასკევს საღამოს სახლიდან რომ გამოვედი, თხელი კლასიკური ჩასაცმელი მეცვა. ხელში მეჭირა „ცელოფანი“. იარაღი, რომელიც მქონდა, გარდაცვლილი მეგობრის, ვალერი თანიშვილის ნაჩუქარი იყო….
მოკლედ, ჩემი დღის რეჟიმი იყო ასეთი, ლევანის ან ვნახავდი ან არ ვნახავდი. პარასკევს მინდოდა ლევანის ნახვა, ცოტა რთული მოსაყოლია…
[ჭავჭავაძის გამზირზე] ლევანმა რომ გამიარა, ძალიან დამაკვირდა, ადამიანი რომ სადღაც გინახავს და ვერ იცნობ, ამდაგვარი სახე ჰქონდა. ვაპირებდი, რომ გამოვლაპარაკებოდი და მეთქვა, მაშინ შენ რაც გაგვიკეთე, ამის საჭიროებას არ წარმოადგენდა-მეთქი. აღელვებული ვიყავი ბატონო მოსამართლე. არ მინდოდა პირდაპირ კონფლიქტში შევსულიყავი ლევანთან. ვიფიქრე, პანაშვიდზე ხომ ავა და რომ ჩამოვა… მოკლედ, ლევანი ჩამოვიდა, მარტო იყო, ასე დავინახე. რომ ჩამოვიდა, სკამზე ვიჯექი და ფეხზე დავდექი. ცივილურად მინდოდა დავლაპარაკებოდი. თან თითქოს ჩაილაპარაკა, აი, სადღაც რომ ადამიანი გყავს ნანახი, ეგრე. ვიფიქრე დაველაპარაკები-მეთქი. რომ გამოიარა - შემომხედა, მაგრამ არ გაჩერდა. ჩქარა მიდიოდა, მეც ჩქარა მივდიოდი… ერთი შემოტრიალება შემოტრიალდა, რომ შემომხედა - დავინახე, დაძახებას ვაპირებდი და როგორც კი „რესკად“ შემოტრიალდა, შემომხედა და მეც შევხედე.
ერთი წამი ვიფიქრე, იარაღს აიღებს-მეთქი ზუსტად იმ თვალებით მიყურებდა, „სკაიპში“ რომ მითხრა: „შენ მოგაქცევენ ყურადღებასო“. შემოტრიალდა და თავი ვერ გავაკონტროლე. მინდოდა დამეჭრა. ნერვები აღარ მყოფნიდა, არ ვიცი. რომ ამოვიღე და გავისროლე, პირველ გასროლაზე ვამბობ, ლევანს არ მოხვედრია… წაიქცა და ვუთხარი, არ ამოიღო იარაღი და არ გაინძრე-მეთქი… სანამ ამოიღებდა იარაღს, ვესროლე და წაიქცა… რამდენიმე გასროლა ჰაერში გავისროლე, არადა [ერთ პირს ფეხში მოხვედრია]…მე ორშაბათს ვაპირებდი პოლიციაში ჩაბარებას. სასტუმროში რომ მივედი, არეული ვიყავი“, - განაცხადა უძილაურმა.
ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.
შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.