გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
წყნეთში, ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც საქმის დამატებით დეტალებზე ისაუბრა.
„საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივი, სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდებოდნენ წყნეთის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამმართველოს უფროსს მობილურ ტელეფონზე გადასცეს ლადო გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას მათ დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს ახალგაზრდა მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა“, - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა.
ამასთან, აღნიშნა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ჩაატარა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ექსპერტიზისთვის საჭირო კვლევის ნიმუშები ამოიღეს.
„გამოიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, ინციდენტის შემსწრე თვითმხილველი მოწმეები და მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეები, ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი, რის შემდეგაც ჩვენ მიერ დაკავებულ იქნა პოლიციის დეტექტივი. ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად ინიშნება სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.