სენაკში 25 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

თორნიკე გოგია

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობა შეეფარდა სენაკში, გორის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ 21 წლის ახალგაზრდას ლ.ს.-ს.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. პროკურორმა დიმიტრი ხვიტისმ აღნიშნულის მოტივად სხვადასხვა საფუძველი დაასახელა, მათ შორის დანაშაულის სიმძიმე და ასევე ის გარემოება,რომ დაკავებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. თავის მხრივ, ბრალდებულმა ლ.ს.-მ სხდომაზე თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ადვოკატმა როლანდ შონიამ კი მტკიცებულებების არასაკმარისობასა და შეუსაბამობაზე ისაუბრა. სხდომაზე წაიკითხა ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი, რომელშიც ლ.ს. წერს, რომ სამართალდამცავებმა მის წინააღმდეგ საქმე “შეთითხნეს”, მასზე ფიზიკურად იძალადეს, დაემუქრნენ და ასე მოიპოვეს ჩვენება. ის ასევე ამბობს, რომ მას 25 წლის თორნიკე გოგია არ მოუკლავს და არც მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. ამასთან, დაცვის მხარე დაკავების უკანონობაზე საუბრობს და დასძენს, რომ ის კლინიკიდან სამართალდამცავებმა დაკავების ოქმის გარეშე აიყვანეს და საათების განმავლობაში უკანონოდ ჰქონდათ მისთვის თავისუფლება აღკვეთილი.

ადვოკატმა როლანდ შონიამ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა. მან ალტერნატიულ ღონისძიებად 150 ათასი ლარის ღირებულების გირაოს გადახდაც შესთავაზა სასამართლოს.

მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა, მაგრამ განმარტა, რომ ადვოკატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს გააცნობს.

სხდომაზე პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ დასძინა, რომ საქმეზე შესაბამის უწყებას პროკურატურაც მიმართავს, თუმცა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია დაკავების უკანონობის შესახებ.

წინასასამართლო სხდომა საქმეზე ივლისში გაიმართება.

შეგახსენებთ,მკვლელობა სენაკში, გორის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. ჩხუბში ათამდე მამაკაცი მონაწილეობდა.საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა 25 წლის პირი, დაიჭრა 5. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.