სააკაშვილმა გადაწყვიტა, მისი დიაგნოზი არ გასაჯაროვდეს - ხაჭაპურიძე

შალვა ხაჭაპურიძე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავისი დიაგნოზის გასაჯაროების წინააღმდეგია. როგორც ადვოკატი ამბობს, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველები გეგმავენ, სასამართლოს მიმართონ მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით.

„მიხეილ სააკაშვილს გავაცანი დიაგნოზები და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გასაჯაროვდეს. შევიტანთ სასამართლოში ისე, რომ არ გასაჯაროვდეს. ეს დიაგნოზები ჯდება იმ ჩამონათვალში, ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას. ჩვენ სასამართლოს, ვნახოთ, გათავისუფლებას მოვთხოვთ თუ გადავადებას. შევიკრიბებით იურისტები და გადავწყვეტთ. მისი მდგომარეობა არის სისტემატურად მძიმე მდგომარეობა. არაფერი სასიკეთო მასთან აღარ ხდება", - თქვა ხაჭაპურიძემ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 29 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სააკაშვილი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშაა. მისი განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს კვლევა აქვს დანიშნული.

მინისტრმა ისაუბრა იმ მიზეზზეც, რის გამო არ გადაიყვანეს 28 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი "ვივამედის" კლინიკიდან სასამართლო პროცესზე.

"მსგავსი პრაქტიკა, რომ მსჯავრდებული გადიოდეს სამკურნალო დაწესებულებიდან სასამართლოში, არ არის. როდესაც ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში, ის იმყოფება იმიტომ, რომ უნდა იმკურნალოს და შესაბამისად, სასამართლოში გასვლა არ არის რეკომენდებული. სასამართლოში გასვლა მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, როდესაც პირი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში", - თქვა მინისტრმა.