ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სააკაშვილს მისთვის მოწამვლის შესახებ არაფერი უთქვამს - „ფიზიკურად ვერ ვნახე ბატონი ვალერი, რომ მეკითხრა რას გულისხმობდა“

ხაჭაპურიძე

გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძეს განმარტების გაკეთება მოუწია მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ის მოწამლეს.

ხაჭაპურიძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ დაადასტურა, რომ სააკაშვილს არ უთქვამს მისთვის, თითქოს ის მოწამლეს.

- აბა საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია? ცრუ ინფორმაციას ავრცელებს ვალერი გელბახიანი? - კითხვით მიმართა გადაცემის წამყვანმა ხაჭაპურიძეს.

- სააკაშვილს რამდენიმე ადვოკატი ჰყავს, რომელიც მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ბატონმა ვალერიმ საიდან გააკეთა ეს განცხადება, ნამდვილად არ ვიცი. ფიზიკურად ვერ ვნახე ბატონი ვალერი, რომ მეკითხა ამ თემასთან დაკავშირებით. ალბათ ამ ღამით გვექნება ლაპარაკი, რას გულისხმობდა,- განმარტა ხაჭაპურიძემ.

„არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არასდროს მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე“, – ასე გამოეხმაურა დღეს მიხეილ სააკაშვილი მის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. სააკაშვილმა ეს განცხადება დედის, გიული ალასანიას დახმარებით გაავრცელა. სააკაშვილი განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ამ საკითხზე სპეკულაციები უადგილოა.

„მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. ამ თემაზე სპეკულაციები უადგილოა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. „ვივამედის“ ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას“, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.