1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულს, იოახიმ შტამპს შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ იოახიმ შტამპთან ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობისთვის სამომავლო ინიციატივები განიხილა, რაც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, საქართველოდან გერმანიაში წასული ლეგალური მიგრანტების უფლებების დაცვას, მეორე მხრივ, არალეგალ მიგრანტთა რაოდენობის შემცირებას.
„რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს პოლიტიკა მიგრაციის სფეროში მნიშვნელოვნად განვითარდა და ამ საკითხში განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობამ. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით გერმანიისა და საქართველოს შემდგომი თანამშრომლობაც ასეთივე წარმატებული იქნება.
რატი ბრეგაძისა და იოახიმ შტამპის შეხვედრა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მჭიდრო სექტორული თანამშრომლობის გაგრძელებაა, ამჯერად მიგრაციის მართვის მიმართულებით. იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებზე გერმანიასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით ინტენსიური 2022 წლიდან გახდა, როდესაც მხარეებს შორის გაფორმდა იუსტიციის სფეროში საქართველო-გერმანიის 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამა“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილე ბექა ძამაშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ესწრებოდნენ.