რამდენიმე დღე გადაწყვეტილებამდე - ბასილაშვილი-დოროყაშვილის სასამართლო დავა დასკვნით ეტაპზეა

ბასილაშვილი-დოროყაშვილი

რამდენიმე დღე გადაწყვეტილებამდე - ბასილაშვილი-დოროყაშვილის სასამართლო დავა დასკვნით ეტაპზეა. უკვე ერთი საათია პროცესი მოწმეების დაკითხვით გრძელდება. ჩვენებას აძლევენ ფსიქოლოგები, რომლებიც ბასილაშვილის მოწმეები არიან.

ადვოკატის მტკიცებით, ისინი დაადასტურებენ, რომ ქვეყნის პირველი ჩოგანი ყოფილ ცოლთან თანაცხოვრებისა და დაშორების შემდეგ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

მოწმე, რომელიც იკითხება, არის სწორედ ის ფსიქოლოგი, რომელთანაც ნიკოლოზ ბასილაშვილი მეუღლესთან დაშორების შემდეგ დადიოდა თერაპიაზე. ფსიქოლოგმა გამოსცა შესაბამისი დასკვნა, თუ როგორი იყო ბასილაშვილის მდგომარეობა მეუღლესთან დაშორების შემდეგ. კონკრეტულად რას აცხადებს ფსიქოლოგი სასამართლოს დარბაზში, მედიისთვის უცნობია, სხდომა ამ წუთებში დახურულია, რადგან შეიცავს ისეთ დეტალებს, რომელიც ეხება არასრულწლოვანს.

რაც შეეხება სხვა მოწმეებს - კიდევ ერთი მოწმის ჩვენება იყო დღეს დახურული. ეს იყო ადვოკატი, რომლის მტკიცებით, სრულიად შემთხვევით შეესწრო სამმართველოსთან დედა-შვილის დიალოგს, რა დროსაც ნელი დოროყაშვილი საკუთარ შვილს არიგებდა, ჩვენებაში გაემახვილებინა ყურადღება სწორედ იმ დეტალებზე, როგორც იყო ის დარიგებული.

მოსამართლემ დღეს კიდევ ერთ მოწმეს მოუსმინა - ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი ხაზგასმით ამბობს, რომ 2018 წლის 28 აგვისტოს ის შეხვდა ნელი დოროყაშვილს დაბადების დღის წვეულებაზე, ეს, დადგენილების მიხედვით, არის ძალადობის ფაქტიდან 4 დღის შემდეგ განვითარებული მოვლენები, რა დროსაც მოწმის ჩვენების მიხედვით ნელი დოროყაშვილს ფიზიკური ძალადობის კვალი არ ჰქონია და ის ამბობდა რომ მეუღლესთან იყო წაკამათებული და ითხოვდა მასთან შერიგებას.

ფსიქოლოგთან დაკავშირებით არც ნიკოლოზ ბასილაშვილს და არც ნელი დოროყაშვილს პროცესის დაწყებამდე განცხადება არ გაუკეთებიათ, შესაბამისად, უცნობია მათი პოზიციები. თუმცა, ბასილაშვილის ადვოკატი სხდომის დაწყებამდე აცხადებდა, რომ არსებობს დასკვნა, რომლის მიხედვითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნელი დოროყაშვილმა მიმართა გამოძიებას.

„ეპიზოდი, რომელიც ბრალად არის წარდგენილი, შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელებას. შესაბამისად, დღევანდელი დასკვნით სასამართლომ უნდა იმსჯელოს თუ რამდენად შეუძლია პირს განახორციელოს ფსიქოლოგიური ტანჯვა, იმ შემთხვევაში თუ თვითონაც არის ფსიქოლოგიური ტანჯვის მსხვერპლი და ამას განიცდიდა წლების განმავლობაში," - აცხადებს ბასილაშვილის ადვოკატი თეონა გვაზავა.

ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველები მედიასთან განმარტავდნენ, რომ ასეთი დასკვნის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.

„სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებაში მას არ ჩაუტარებია ეს ექსპერტიზა, განსხვავებით დაზარალებულისგან, ეს ერთ-ერთი გარემოება არის. ხოლო კონკრეტულად რა სტანდარტი არის დაცული, აკმაყოფილებს თუ არა ექსპერტიზისთვის შესაბამის საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს, ამის გამოკვლევა მათ შორის სასამართლო პროცესზე. რა თქმა უნდა არ ვეთანხმებით ამ დოკუმენტის შინაარსს, რომ თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი ტანჯვას განიცდიდა რაიმე ქმედების შედეგად ნელი დოროყაშვილის მხრიდან,“ - თქვა დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა თავხელიძემ.

ნიკოლოზ ბასილაშვილს გამოძიება ედავება როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ძალადობას. სასამართლო პროცესები დასკვნით ეტაპზეა, დარჩენილია სულ რამდენიმე მოწმე, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, თავად ნიკოლოზ ბასილაშვილი წარდგება სასამართლოს წინაშე და მისცემს ჩვენებას. 20 ოქტომბრისთვის კი საზოგადოება მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია.