1727944755
რა თხოვნით მიმართა ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულმა ლაშა ფურცხვანიძემ მოსამართლეს - „ეს ჩემი ერთადერთი თხოვნაა“
„პატივცემულო მოსამართლევ, მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ და ვერ შემიფარდებთ სხვა ღონისძიებას, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემი ერთადერთი თხოვნაა - დანარჩენ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენნაირად არანაირი დანაშაული არ მიუძღვით, შეუცვალეთ აღკვეთის ღონისძიება“ - ამ სიტყვებით ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულმა, კომპანია „გრინსერვის პლუსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ლაშა ფურცხვანიძემ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლეს მიმართა.
მანამდე კი ბრალდებული გამოეხმაურა პროცესზე პროკურორის მიერ ნათქვამ სიტყვებს ვაკის პარკის შადრევანში მაღალი ძაბვის გაყვანილობის შესახებ, რამაც მისივე თქმით, შემთხვევა გამოიწვია.
ფურცხვანიძემ კითხვით მიმართა პროკურორს, თუ რა ახალი გარემოებები გააჩნია ბრალდებას მისი პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით.
„უკვე მოვითხოვ, წარმოადგინოთ, რა ახალი გარემოებები გაგაჩნიათ. რამდენჯერმე ახსენეთ „მაღალი ძაბვა“, ხომ არ მეშლება? 220 და 380 ვოლტი არ არის მაღალი ძაბვა. 360 ვოლტი - ასეთი საერთოდ არ არსებობს.
ვიმეორებ, მე მესმის, რომ არ გაქვთ სპეციფიკური ცოდნა, მაგრამ როდესაც ადამიანის პატიმრობას ითხოვთ, კეთილი ინებეთ და წაიკითხეთ და ისე გააკეთეთ განცხადებები, ძალიან გთხოვთ. თქვენ თუ გინდათ, რომ უბრალოდ მე ვიყო პატიმრობაში, მითხარით და ვიქნები პატიმრობაში.უბრალოდ, ვერ გავიგე დანარჩენი ადამიანები რა საფუძვლით უნდა იყვნენ პატიმრობაში? პატივცემულო მოსამართლევ, მე მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ და ვერ შემიფარდებთ სხვა ღონისძიებას, მე ამაში დარწმუნებული ვარ.
ჩემი ერთადერთი თხოვნაა - დანარჩენ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენნაირად არანაირი დანაშაული არ მიუძღვით და ჩემ შემთხვევაში, მე ღმერთის წინაშე ნამდვილად არ ვარ დამნაშავე, გთხოვთ, ამ ადამიანებს შეუცვალეთ აღკვეთის ღონისძიება. მეტი არაფერი მინდა“, - მიმართა ლაშა ფურცხვანიძემ მოსამართლეს.