პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისში, წერეთლის 71 ნომერში, ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა, სახლში დამალულ ნარკოტიკებთან ერთად ძლიერ მოქმედ საშუალებებს - ფსიქოაქტიურ და ფსიქოტროპულ ნივთიერებებსაც მიაკვლიეს.
დანაშაულში 34 წლის უკრაინელი მამაკაცია მხილებული. პირი, რომელიც საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდა და რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერების ნაწილი უკვე რეალიზაციისთვის ჰქონდა გამზადებული, თუმცა მისი გაყიდვა ვერ მოასწრო. დაკავებული ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
სქემა მარტივი და საქართველოში კარგად აპრობირებულია. სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებას რეალიზატორთა ჯგუფი ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ყიდის. გამყიდველსა და მომხმარებელს შორის კონტაქტი დისტანციურად, მხოლოდ სოციალური ქსელების საშუალებით, ანონიმურად ხორციელდება. თანხაზე შეთანხმებისა და ჩარიცხვის შემდეგ კურიერები მცირე ზომის შეფუთვას წინასწარ შერჩეულ ლოკაციაზე ათავსებენ. მყიდველს კი, ინფორმაცია ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ ეგზავნება.
დაკავებული მამაკაცი სქემაში სწორედ კურიერის პოზიციას იკავებდა. დანაშაულს აღიარებს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ითანამშრომლებს თუ არა ის გამოძიებასთან და დაასახელებს თუ არა სქემაში ჩართული მისთვის ნაცნობი პირების ვინაობებს.
დანაშაულში მხილებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს. დარიკო თორდია „კურიერს“ უყვება, რომ მამაკაცი თავადაც მომხმარებელი იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც მყიდველს უკვე მიღებული ნარკოტიკული საშუალების სანაცვლოდ თანხა ვერ გადაუხადა, ვალის გადახდა რეალიზატორებმა სქემაში ჩაბმით მოსთხოვეს.