რა ელის მძღოლს, თუ ავტომანქანის შეჯახების შემდეგ ცხოველს მიატოვებს - პეტიცია

ძაღლები

ცხოველთა უფლებადამცველები კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ და ამისთვის, ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. საჭიროა, სულ 5 000 ხელმოწერა.

პეტიციის მიზანი და მოთხოვნაა, მოხდეს კანონში შესაბამისი ცვლილება, სადაც დეტალურად გაწერილი იქნება ავტომობილის ცხოველზე დაჯახების დროს, შემთხვევის მონაწილე მძღოლის ვალდებულება და პასუხისმგებლობა. მიზანშეწონილია, მიღებულ იქნას კანონი, რომელიც დაავალდებულებს მძღოლს, მსგავსი შემთხვევის შემდეგ ავტომობილის გაჩერებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში 112-ში დარეკვას. კანონი ასევე უნდა ითვალისწინებდეს ადეკვატურ სასჯელს სამართალდამრღვევი მძღოლის  მიმართ. შესაძლებელია, გამოიყენონ მეგობარი და პარტნიორი ევროპული ქვეყნების გამოცდილებები და ცხოველის მიტოვება შემთხვევის ადგილზე შესაძლოა განხილული იყოს როგორც მისდამი სასტიკი მოპყრობა. აღნიშნული კანონი შესაძლებელია კანონმდებლობაში დაემატოს ახალი მუხლის, ან მუხლი 259-ზე ქვეთავის სახით.

ინიციატორების განმარტებით, პეტიციის აღნიშნული ცვლილება კანონში: ხელს შეუწყობს შინაური ცხოველების დაცვასა და მათი სიცოცხლის გადარჩენას; სასარგებლო იქნება, შინაური ცხოველების შესახებ, საზოგადოების მორალური და ემოციური ცნობიერების ასამაღლებლად; დადებითი გავლენა ექნება, მომავალი თაობის რაციონალურ და ემპათიურ დამოკიდებულებაზე ცხოველების მიმართ; გაიზრდება საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც შინაური ცხოველების ასევე ადამიანების მიმართ; ასევე სასარგებლო იქნება საგზაო უსაფრთხოებისთვის და შესაბამისად, უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის.