1785095778
პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მუქარის ფაქტებზე, ორი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მუქარის ფაქტებზე, ორი პირი, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, თითქოსდა ბიზნეს ინვესტიციის მიზნებისთვის, დაზარალებულს მოტყუებით გამოართვეს 47 443 ლარი. მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა არაერთხელ მოუწოდა ერთ-ერთ ბრალდებულს კუთვნილი თანხების დაბრუნების თაობაზე, იგი დაზარალებულს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ (მუქარა, თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.











