„პოლიციას ვერ მივმართავდი, შვილს ვერ დავაჭერინებდი“ - ადვოკატის თქმით, ბრალდებულზე შვილი სისტემატურად ძალადობდა

ბრალდებული გორი

გუშინ, გორის რაიონულმა სასამართლომ შვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ 82 წლის კარლო მეგრელიშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი, თამარ თედლიაშვილი „პრაიმთაიმთან“ საუბრისას ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას სისტემატურად განიცდიდა.

მისივე თქმით, მეზობლებიც ადასტურებენ, რომ ოჯახში კონფლიქტი იყო.

„ეს კაცი განიცდიდა შვილისგან ძალადობას, როგორც ფიზიკურს, ისე ფსიქოლოგიურს. ეს იყო სისტემატურად. გუშინ, თავზე დაზიანებები რომ აჩვენა მოსამართლეს, ეს მხოლოდ ახალი წლის შემდეგ იყო. მანამდეც იყო შემთხვევები. ამ ბიჭის შვილსაც, პაპა ზრდიდა (ბრალდებული). ეს კაცი ზრუნავდა მათზე. მორალურად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მეტი ვეღარ მოითმინა. ამბობს, რომ გარკვეული დეტალები არ ახსოვს და შვილი ძალიან ცუდად ექცეოდა. ისიც თქვა, რომ მას (შვილს) მე ვერ დავაჭერინებდი, პოლიციას ვერ მივმართავდიო,“ - ამბობს „პრაიმთაიმთან“ საუბრისას თამარ თედლიაშვილი.

ცნობისთვის, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. შემთხვევა 30 იანვარს, საღამო საათებში გორში მოხდა.

47 წლის შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ 82 წლის მამა მალევე დააკავა. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ნახეთ ვიდეო