პოლიციამ თბილისში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობა აღკვეთა - დაკავებულია 4 პირი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ დაუფლების მიზნით, თბილისში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვა და ადგილიდან ავტომობილით მიმალვა სცადეს, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ოთხივე მათგანი ბრალდებულის სახით, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს დააკავეს.

პოლიციამ ნაქურდალი აპარატი, აპარატში არსებული 4000-მდე ლარი და ქურდობის მცდელობისას გამოყენებული ხელსაწყოები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.