„ორი ადრე მოკლა, ორი ახლა მოკლა, კიდევ რომელ ოჯახს გაამწარებს..."- რას ყვებიან ადგილობრივები კონდოლში მოხდარ ტრაგედიაზე

კახეთი

კახეთში შვილის თანდასწრებით ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ 5 დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში დააკავა. გარდაცვლილთა ახლობლები დამნაშავის უმკაცრესი ზომით დასჯას მოითხოვენ. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულს მსგავსი დაბაშაული წარსულშიც აქვს ჩადებილი.

„ორი ადრე მოკლა, ორი ახლა მოკლა, რომ გამოვა კიდევ რომელ ოჯახს გაამწარებს. აუცილებლად, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს," -  ამბობს გარდაცვლილის ნათესავი.

შეგახსენებთ, მკვლელობა თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ მამაკაცს მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ფერმაში, ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ამავე ფერმაში დასაქმებულ ცოლ-ქმართან, მათ ფულს სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი ორივე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

ფაქტის მოწმეა 16 წლის მოზარდი. ბრალდებულმა მოკლულების არასრულწლოვან შვილს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, თოკით დააბა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.