ნუ იშვერთ ხელს და ნუ ამბობთ, რომ მკვლელი ვარ" - ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე

ფურცხვანიძე

დამნაშავე მე ნამდვილად არ ვარ, არც არასდროს ვცნობ თავს დამნაშავედ, თქვენი გადმოსახედიდან ვარ დამნაშავე, მაგრამ ასე აპრიორი ნუ იშვერთ ხელს და ნუ ამბობთ, რომ მკვლელი ვარ, - ამ სიტყვებით ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიის საქმეზე „გრინსერვის პლუსის“ დაკავებულმა დამფუძნებელმა ლაშა ფურცხვანიძემ მისი საქმის პროკურორებს მიმართა.

როგორც ფურცხვანიძემ აღნიშნა, ის ჩინელი ინჟინრის დაკითხვას ითხოვდა, რაზეც პროკურატურისგან უარი მიიღო.

„ვიხვეწები და პროკურატურას ვემუდარები, ჩინელი ინჟინრის დაკითხვაში დაგვეხმაროს. იმ თანამედროვე აპარატურის შემოწმება საქართველოში არავინ იცის, გემუდარებით, გამარკვიეთ რა მოხდა, მე ამ ტვირთით უნდა ვიარო. პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის ჩინელი ინჟინერი არ დაგვეკითხა. თქვენი ფიზიკის განათლების დონე მე არ ვიცი, მაგრამ ჩემი ყოფნის, რომ ის დასკვნა, რაც არის, არის ნული, რაც 5 თვის მერე ვნახე, მე-6 კლასის ფიზიკის მოსწავლე არ გააკეთებს, რაც იქ წერია. ვიხვეწებოდი, ვინც კომპეტენტურია, ის დავკითხოთ-მეთქი, პროკურატურისგან პასუხია არ დავკითხოთო, განა - ვერ“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.

დღევანდელ სხდომაზე, სადაც საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, ფურცხვანიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - „გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). "გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) და „მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).