„მოთხოვნილია ექსპერტიზა, რომელიც ჯერჯერობით არ არის ჩატარებული“ - ადვოკატი თელავში, ქორწილის დროს მომხდარ ინციდენტზე

ლაშა კაპანაძე

თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის დროს მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. თელავის რაიონულ სასამართლოში პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

პროკურატურამ, აღკვეთის ღონისძიების სახით, საპატიმრო გირაოს გამოყენება მოითხოვა. ჭიღლაძე დარბაზიდანვე გათავისუფლდა.

გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ადვოკატის ლაშა კაპანაძის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ჩატარებაა მოთხოვნილი.

"აღკვეთის ღონისძიების სახით, მხოლოდ გირაო იქნა გამოყენებული, 5000 ლარის ოდენობით. მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, რათა არ გამოყენებულიყო პატიმრობა გირაოს უზრუნველსაყოფად.

სამწუხაროდ, მომხდარი ფაქტის შემდეგ არის 112-ში ზარი შესული. მოთხოვნილია ექსპერტიზა, ჯერჯერობით არ არის ჩატარებული", - განაცხადა ლაშა კაპანაძემ.