მოსამართლის ცვლილების გამო, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმეს სასამართლო ხელახლა განიხილავს

მიხეილ სააკაშვილი

მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის ცვლილების გამო, სასამართლო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს ხელახლა განიხილავს. ამასთან, ამ საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შუამდგომლობას დაცვის მხარე ეწინააღმდეგებოდა. ადვოკატებმა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში დაადანაშაულეს.

როგორც ბექა ბასილაიამ განაცხადა, სააკაშვილს სხვა საქმეზე საპატიმრო სასჯელი აქვს მისჯილი, რომელსაც იხდის. მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს შიში, რომ წინასაარჩევნოდ ამნისტიით ან სხვა მექანიზმით შესაძლოა, სააკაშვილი გათავისუფლდეს და იყენებს სხვა მექანიზმს, სხვა საქმეზე პატიმრობას, რომელიც გათავისუფლებას ხელს შეუშლის. ადვოკატებმა ამ გადაწყვეტილების გამო მოსამართლის აცილებაც მოითხოვეს, თუმცა მიხეილ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ აცილების საფუძვლებს ვერ ხედავს.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განმარტებით, უამრავი პრეცედენტია, როდესაც უკვე სასჯელმისჯილ პატიმრებს სხვა საქმეზე აქვთ შეფარდებული პატიმრობა. მისი თქმით, მოსამართლის ცვლილების გამო, საზღვრის კვეთაზე საქმის ხელახალი დაწყება და მოწმეების ხელახლა დაკითხვა აჩენს ეჭვებს, რომ სააკაშვილმა შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი საფუძველია, რატომაც მოითხოვეს პატიმრობა აღნიშნულ საქმეზე.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევის შუამდგომლობა დააყენა მოსამართლის ცვლილების გამო. როგორც საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ საკუთარ შუამდგომლობაში განმარტა, აღნიშნულს კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს, როცა საქმეში ახალი მოსამართლე ერთვება, მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა უნდა მოხდეს, თუკი მოსამართლე სათადარიგო არ იყო.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ ოთხ პირს, ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.