პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მკვლელობა დოლიძის ქუჩაზე - ბინა, რომელსაც სისხლის კვალი ახლაც ემჩნევა, მძიმე დანაშაულის ადგილია. 55 წლის მამაკაცმა, ყოფილ მეუღლეს და ყოფილ სიდედრს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ორივე მოკლა. მოგვიანებით კი, იმავე იარაღით თავადაც თვითდაზიანება მიიყენა. დაჭრილი გურამ ქადეიშვილია, მოკლული დედა–შვილი კი ვერიკო და ირინა ქუმსიაშვილები იყვნენ.
დოლიძის 27 ნომერში მომხდარ მკვლელობას, არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ. ბავშვები სადარბაზოში გაიქცნენ და შველას ითხოვდნენ.
მეზობლებმა, როგორც თავად ამბობენ, მკვლელობის შესახებ სწორედ პატარებისგან შეიტყვეს. მანამდე სროლის ან ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. ისინი "კურიერთან" ჰყვებიან, რომ მოკლული დედა–შვილი, ბინაში ქირით ცხოვრობდა და ადგილობრივებიც მათ კარგად არ იცნობდნენ.
დანაშაულის მოტივზე, გამოძიებას რამდენიმე ვერსია აქვს. ერთ–ერთია ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი. "კურიერმა" გაარკვია რომ მკვლელობამდე, გურამ ქადეიშვილმა ყოფილ მეუღლეს დაურეკა, კონკრეტულ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ და უთანხმოება მოუვიდათ. რამდენიმე საათის შემდეგ კი, 55 წლის მამაკაცი ვერიკო ქუმსიაშვილთან, ნაქირავებ ბინაში მივიდა. კარის გაღებისთანავე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერ ყოფილ ცოლს ესროლა, შემდეგ კი ყოფილ სიდედრს. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტს შეესწრო სახლში მყოფი კიდევ ერთი პირი, რომელმაც მიმალვა მოახერხა და ტყვიას გადაურჩა. ის საქმის მთავარი მოწმეა და პოლიციას ჩვენება უკვე მისცა.
რა უძღოდა წინ ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს, არ იციან გურამ ქადეიშვილის ახლობლებმა. ამბობენ რომ 55 წლის მამაკაცი სახლიდან გვიან გავიდა და თქვა რომ სამსახურში მიდიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ძალოვანი უწყების თანამშრომელი იყო.
დაჭრილი ქადეიშვილი ახლა მძიმე მდგომარეობაში, სამედიცინოდ დაწესებულებაშია. მას ცეცხლნასროლი, გამჭოლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებულ და მართვით სუნთქვაზეა.
დოლიძის ქუჩაზე სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოიკითხნენ მეზობლები და თვითმხილველები. საქმეზე ძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. სასჯელი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მეუღლის მიერ მოკლული ვერიკო ქუმსიაშვილი უახლოეს დღეებში უცხოეთში წასვლას გეგმავდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
შაშხანა, ბეწვის ქუდი და დრონები - კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეაში რუსეთიდან საჩუქრებით ბრუნდება