მკვლელობა შვილის თვალწინ - მარიამ გამტკიცულაშვილის მეგობარ კაცს 18 წელი მიუსაჯეს

მარიამ გამტკიცულაშვილი

26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობისათვის, მის მეგობარ მამაკაცს 18 წელი მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში, ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

მოსამართლემ, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა, სრულად გაითვალისწინა.

თავად მსჯავრდებულმა, გამოძიების ეტაპზევე ბრალად შერაცხული ქმედებაში თავი დამნაშავედ ცნო, ხოლო მისი დაცვის მხარემ, ყველა მტკიცებულება უდაოდ მიიჩნია.

შეგახსენებთ, მკვლელობა 2022 წლის 9 ოქტომბერს, თელავში მოხდა.

26 წლის ქალი, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მამაკაცმა, წლინახევარის შვილის თანდასწრებით ნაქირავებ ბინაში მოკლა.

ქალს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109- ე მუხლით მიმდინარეობდა რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობამდე, რამდენიმე დღით ადრე, მსჯავრდებული, გარდაცვლილსა და მის დედაზე, ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, დაზარალებულების წერილობითი თანხმობით, გირაოთი გაათავისუფლეს.