„მითხრა, დილიდან არ ავმდგარვარ, თავბრუსხვევები მაქვსო“ - ხაჭაპურიძე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

სააკაშვილი

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში“ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ცუდად გამოიყურებოდა.

„იყო მწოლიარე მდგომარეობაში, მითხრა, დილიდან არ ავმდგარვარო. თავბრუსხვევები მაქვსო. სულ 5 წუთი ვისაუბრეთ, ძირითადად ექსპერტიზასთან დაკავშირებით. მერე დავტოვე. რაც შეეხება, ექსპერტიზებს, აშშ-დან ჩამოვიდა წერილები 2 საექსპორტო ბიუროდან.

ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად შეირჩეს საექსპორტო ბიურო, იქნება ეს ამერიკული თუ ევროპული, რომლებიც ძალიან სწრაფად მოახდენენ იმის ორგანიზებას, რომ ჩამოვიდნენ, შეამოწმონ და ჩაატარონ ექსპერტიზა“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ მედიასთან საუბრისას.

სააკაშვილის ადვოკატების გარდა, მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ექსპრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართულობაზე ჯანდაცვის სამინისტროში ახალი მოთხოვნა არ შესულა. 

„ამ ეტაპზე იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად მართავს. კლინიცისტების ნაწილში შეუზღუდავი შესაძლებლობაა. ჯანდაცვის სამინისტრომ უცხოელი ექსპერტების ქვეყანაში შემოსვლასა და მათთვის დროებითი სერტიფიკატის გაცემაზე თანხმობა გასცა, როდესაც ამის მოთხოვნა იყო, ახლა ამაზე მოთხოვნა არ შემოსულა“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა ვივამედში იმყოფება. ოჯახის წევრები და ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა მოსამართლემ სააკაშვილთან ცენტრი ემპათიის ექსპერტების დაშვების შუამდგომლობა 25 მაისს დააკმაყოფილა.