მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ხმაურია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმის განხილვა გრძელდება.

მორიგი სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. პროცესს თავად ექსპრეზიდენტიც ესწრება, რომელსაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ადანაშაულებენ.

მიხეილ სააკაშვილის გარდა, საქმეზე ბრალდებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშიაც.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა სახლების ფოტოები წარმოადგინა, რომლებიც, მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს და პროკურორებს ეკუთვნით.

სააკაშვილის განცხადებით, ეს ძვირად ღირებული სახლები ამტკიცებს იმას, რომ მისგან განსხვავებით, სწორედ მოქმედი ხელისუფლება ითვისებს ბიუჯეტიდან ფულს. აღნიშნულ განცხადებას ხმაური მოჰყვა ბრალდების მხრიდანაც, პროკურორებმა მიხეილ სააკაშვილი სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულეს და მოსამართლეს მოსთხოვეს, რომ შესაბამისი ზომები მიეღო.

საქმის მოსამართლის განცხადებით, თუ მხარეები უახლოეს პერიოდში სასამართლოს მშვიდ ვითარებაში გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ, ის გამოიყენებს უფლებას და სასამართლოს დახურულ რეჟიმში გააგრძელებს.

ცნობისთვის, პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.