1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
3 წლის განმავლობაში სექსუალური ძალადობა მამინაცვლის მხრიდან - უმძიმეს ბრალდებას 36 წლის მამაკაცს მეუღლის შვილი, 18 წლის გოგონა უყენებს.
"კურიერმა" საქმის დეტალები ექსკლუზიურად გაარკვია.
სავარაუდო მოძალადე პოლიციამ დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, გოგონას გაუპატიურება პირველად მაშინ მოხდა, როდესაც მსხვერპლი 15 წლის იყო. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა დაზარალებულის ჩვენების შინაარსი.
"ნ.ა., რომელიც დედაჩემის ქმარია და მასთან ერთად ვცხოვრობდით, ინტენსიურად ძალადობდა. მემუქრებოდა, მეშინოდა და მომხდარს ვერავის ვუყვებოდი. ის მემუქრებოდა, რომ თუ კი ვინმე ამას გაიგებდა, მეც მომკლავდა და ოჯახის წევრებსაც,"- აცხადებს ახალგაზრდა ქალი ჩვენებაში.
მას შემდეგ რაც სრულწლოვანი გახდა, გოგონამ იქორწინა. მისი ჩვენების მიხედვით, წლების განმავლობაში ძალადობის ფაქტები მან მეუღლეს და დედამთილს გაუმხილა, შემდეგ კი შემზარავი დანაშაულის შესახებ პოლიციას აცნობა.
დაზარალებული გოგონას დედა მეუღლის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და 18 წლის შვილს ტყუილში ადანაშაულებს. "კურიერმა" მისი ინტერვიუ იმ სახლში ჩაწერა, სადაც მსხვერპლის ინფორმაციით ძალადობა ხდებოდა.
"კურიერმა" დღეს ექსკლუზიურად გადაიღო მძიმე დანაშაულში ბრალდებულის პირველი პროცესი, სადაც 36 წლის სავარაუდო დამნაშავეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. სხდომა დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინებით რამდენიმე წუთში დაიხურა. ადვოკატი დაკავებულის 15 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.
ბრალდებულის უფლებების დამცველის ინფორმაციით, საქმეში იძებნება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც მამაკაცს წარდგენილ ბრალთან შეუთავსებელი ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. საქმის პროკურორი კი ამბობს, რომ მამაკაცისთვის წარდგენილი გაუპატიურების ბრალდება არაერთი დოკუმენტით მტკიცდება.
გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მაქსიმალურ სასჯელად უვადო პატიმრობა ემუქრება. საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო 20 ოქტომბერს, დახურულ კარს მიღმა დაიწყებს.