ხაზარაძე-ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

ხაზარაძე ჯაფარიძე

"ლელოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიმართეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძის მიერ 2022 წლის 12 იანვარს გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს. 

„თვით პროკურატურის მიერ გამოძიების ეტაპზე თაღლითობასთან დაკავშირებით, გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის შესახებ ხანდაზმულობის გამო. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოტანილ განაჩენს არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი, მიღებულია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის, სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით.

კერძოდ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „ბ“ ქვეპუნქტებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს, 259-ე, 273-ე მუხლებს, არის დაუსაბუთებელი და უკანონო. შესაბამისად, იგი უნდა გაუქმდეს და მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოტანილ იქნეს გამამართლებელი განაჩენი”, - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.