1732386875
კადრებში ჩანს, როგორ აედევნა მკვლელი შანაი ბრუკს - ავსტრალიელი ტურისტის საქმის უცნობი დეტალები
ავსტრალიელი ტურისტის შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეზე რაფაელ მურსაკულოვია დაკავებული.
კადრებში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, ჩანს როგორ აედევნა ბრალდებული, რაფაელ მურსაკულოვი 33 წლის ტურისტს მთაწმინდის ფერდობზე.
მურსაკულოვმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა.
„ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი მიმდინარე წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.
სამართალდაცავებმა რაფაელ მურსაკულოვი 8 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) გათვალისწინებული დანაშაული, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.