1753387731
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურნენ

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურნენ.
მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება სასამართლოზე ზეწოლას ახდენს და კონკრეტული განაჩენის გამოტანისკენ უბიძგებს.
„უმაღლესი თანამდებობის პირი სასამართლო განხილვის პარალელურად როდესაც აკეთებს კომენტარებს, რომელიც შეიცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოს და ჩვენ მიმართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ის პირდაპირ აძლევს მოსამართლეს მითითებას, რომ ჩვენ მიმართ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი. საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო, თუ ვინმე დაზიანდა, მნიშვნელობა არ აქვს პოლიციელია თუ არა, ეს არის ძალიან ცუდი და ეს არავის უხარია. თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც აქ დაზარალებულის სტატუსით მიდიან და ამბობენ, რომ არ დავუნახივართ, არ უცინა, ვინ დააზიანა და ჩვენ მიმართ პრეტენზია არ აქვთ, – ასე არ დგინდება სამართალი. ის ადამიანები, რომლებიც პოლიციის ფირმით გოგოებს ურტყამდნენ, ისინი სად არიან, გაუგებარია რატომ არ არიან აქ? ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე და იმედი მაქვს, რომ აქ მარწუხებს გავუმკლავდებით“, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე ანდრო ჭიჭინაძემ.
სასამართლო სხდომაზე ასევე სიტყვა ჰქონდა იუმორისტ ონისე ცხადაძეს, რომელმაც მაგალითად მოიყვანა აქციებზე დაკავებული სხვა ბრალდებულების გუშინდელი სასამართლო პროცესი, სადაც პროკურატურას მტკიცებულების სახით ვიდეო ჰქონდა წარმოდგენილი, თუმცა ვიდეოს ხმა არ ჰქონდა.
„კობახიძე არის იურისტი, რომელმაც მგონი, იურიდიული საერთოდ არ იცის. ამბობს, რომ 1000 კაციდან 30 დავიჭირეთო, ანუ გამოდის, რომ ჩვენ პრევენციისთვის ვართ დაკავებული. პროკურორს ვეკითხები, თქვენც მიიჩნევთ, თუ არა რომ პრევენციის მიზნით ვართ დაკავებული?. გუშინ რა ფაქტიც, მოხდა მეორე სასამართლოზე, რა მტკიცებულებაც პროკურორმა მოიტანა, მაინტერესებს რა ვიდეოთი დავორგანიზდი მე? სულ მაინტერესებდა, რომელი ვიდეოთი დავორგანიზდი, რადგან სულ მეგონა, რომ ეს ვიდეო ტელევიზორში გავიდოდა და გავიგებდი, როგორ დავორგანიზდი” გავიგე, რომ ამ ვიდეოს არ ჰქონდა ხმა. მაგ დროს, როდესაც ვიდეოს არ ექნებოდა ხმა, კონკრეტულად ის პირი, ვინც წარადგინა ვიდეო მოსამართლემ უნდა დააჩაქუჩოს. ამბავი აქვთ ატეხილი გარეთ „ქოცებს“, რომ 2012 წლიდან რუსებს გვეძახდნენო. 2012 წლიდან კი არა, ბიძინა ივანიშვილი არის დაბადებიდან რუსი“, – განაცხადა ონისე ცხადაძემ.
ცხადაძეს ამ სიტყვების წარმოთქმის შემდგომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სიტყვის დასრულებისკენ მოუწოდა და მოიხთოვა, რომ დარბაზში შემდეგი მოწმე შემოეყვანათ.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, „დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი 1000-მდე ადამიანიდან. ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად მაღალია გამოძიების სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში. თუ არ იყო უტყუარი მტკიცებულებები, თუ არ იყო იდენტიფიცირებადი ადამიანი და კონკრეტულად ძალადობრივი ქმედება, ამ შემთხვევაში არ ხდებოდა ადამიანის დაკავება“.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავარია სენაკში - დაშავებულია დედა-შვილი
1753468675