1779482698
იუსტიციის მინისტრის მოადგილე: „წლევანდელ საზეიმო ღონისძიებებში ჩვენ კონცეპტუალურად გავაერთიანეთ დამოუკიდებლობის დღისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიული მნიშვნელობა“
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს ზუგდიდში უმასპინძლებს. დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა:
„ეს დღე წელს მართლაც განსაკუთრებულია, რადგან არის არა მხოლოდ დამოუკიდებლობის დღე, არამედ 1700 წლის იუბილე სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების. შესაბამისად, ამ კონცეპტუალურ ხედვაში აღვნიშნავთ ჩვენ 26 მაისს ზუგდიდში. ეს იქნება შემეცნებითი, გასართობი და ინფორმაციული ღონისძიებები, რომელსაც მოქალაქეებს შევთავაზებთ“, - განაცხადა მან.
თამარ ზოდელავამ აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო სერვისების მიმწოდებელი უმსხვილესი უწყებაა საქართველოში და, შესაბამისად, ღონისძიების სტუმრებს შესთავაზებს კონსულტაციებს სხვადასხვა მომსახურების შესახებ:
„წარმოდგენილი იქნება მობილური იუსტიციის სახლი, რომელსაც უშუალოდ შეხება აქვს მოქალაქეებთან; საჯარო რეესტრის მიმართულებით, მოგეხსენებათ, რომ სისტემური რეგისტრაცია მიმდინარეობდა და ძალიან დიდია ინტერესი, როგორ დაირეგისტრირონ საკუთრება, ამიტომ ადგილზე ამზომველები გაუწევენ სტუმრებს კონსულტაციას; ციფრული მმართველობის კუთხითაც, იქნება შესაბამისი სივრცე, სადაც ახალგაზრდები და ბავშვები თამაშებით, ქვიზებით შეძლებენ აიმაღლონ ცნობიერება კიბერჰიგიენის შესახებ; იქნება საარქივო ფოტომასალა, რომელიც დაკავშირებული იქნება როგორც დამოუკიდებლობის დღესთან, ისე ქრისტიანობის 1700 წლისთავსა და სამეგრელოს ისტორიასთან".
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მოეწყობა სივრცეები ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისათვის, ამას გარდა, ღონისძიების სტუმრები მეგრული სამზარეულოს დაგემოვნებასაც შეძლებენ.












