პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქუთაისში მოკლე მეტრაჟიანი ფილმების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. გასული კვირა კინოჩვენებებით, ლექციებით, მასტერკლასებით იყო დატვირთული. ოქროს დინოზავრი გაიცა სამ ნომინაციაში - საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი. საკონკურსო ფილმებს შორის 7 ქართული ფილმი იყო.
ოქროს დინოზავრი საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ნუცა წიქარიძის ფილმს, „მცხუნვარე მზეს" გადაეცა.
ოქროს დინოზავრი ნომინაციაში საუკეთესო რეჟისორი - გადაეცა მანუელ მუნიოს რივასს ფილმისათვის „აქერონი“. ოქროს დინოზავრი საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის კი გორკა გომეს ანდრეუმ მიიღო, ფილმისათვის „ამაიას სტუმრები“. ჟიურიმ განსაკუთრებული პრიზი, ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის გადასცა მარიამ ბუბანის, ფილმში “შვილი”.
"დატოვე შენი კინო ნაკვალევი ქუთაისში" - ეს არის ფესტივალის სლოგანი, ამიტომაც არის მისი პრიზი დინოზავრი. ეს ნაკვალევი დინოზავრის აღმოჩენას ეხმიანება.
ქუთაისის კინოფესტივალის გადაწყვეტილებით ოქროს დინოზავრი კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პედრო ალმოდოვარმა მიიღო.
ჯილდო ალმოდოვარის მსახიობს ევა სივას გადაეცა, რომელიც რეჟისორს პრიზს ესპანეთში ჩაუტანს.
ფესტივალის განსაკუთრებული სტუმარი ესპანური კინოს ვარსკვლავი, 78 წლის მარისა პარედესი გახლდათ. მას მაყურებელი დიდი ხანია იცნობს პედრო ალმოდოვარის ფილმებიდან - "ყველაფერი დედაჩემის შესახებ, "მაღალი ქუსლები", "ჩემი საიდუმლოს ყვავილი" და ა.შ.
8 ოქტომბერს კინოფესტივალის ფარგლებში, ესპანური კინოს ვარსკვლავმა ქალი მსახიობებისათვის მასტერკლასი ჩაატარა.
საღამოს ბოლოს მას ფესტივალისგან საპატიო ჯილდო ოქროს დინოზავრი გადაეცა.
"დიდი მადლობა ასეთი დახვედრისთვის. ემოციურია. მე ვარსკვლავად პედრო ალმოდოვარის კინომ მაქცია." - თქვა მან. ფესტივალზე ნაჩვენები იყო "ჩემი საიდუმლოს ყვავილი". ესპანური კინოს დივამ უამრავი ავტოგრაფი დაარიგა, ბევრი ფოტო გადაიღო... გენიალურ არტისტს ქართველების მოხიბვლა არ გაძნელებია.
ფესტივალზე შედგა პრემიერა ლევან თუთბერიძის ფილმისა - "ამბავი დუმბაძეებისა", რომელიც მსახიობმა ქეთი ჩხეიძემ წარადგინა. "პრაიმტაიმთან" კომენტარს ესპანური კინოსა და თეატრის ვარსკვლავზეც ის აკეთებს.
ქეთი ჩხეიძე: მარისა პარედესი ძალზე საინტერესო ქალია. ვნახეთ მისი მონაწილეობით ფილმი, სადაც ვარსკვლავური როლი აქვს ნათამაშები. იქ არაჩვეულებრივია. ჩატარდა მისი ვორქშოფი. იქ გავიცანი მარისა.
პატარა კინოდარბაზში იყო შეხვედრა. საუბრობდა ბიოგრაფიაზე, ალმოდოვარზე და ასე შემდეგ. ეს იყო დიდი შემდგარი მსახიობის მონათხრობი თეატრზე, კინოზე, მეგობრობაზე, ცხოვრებაზე, პროფესიონალიზმზე. იქ მყოფი მსახიობები, რეჟისორები, კინომცოდნეები დარჩნენ და შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ მისთვის განსაკუთრებული პრიზი გადაეცათ. ოქროს დინოზავრი გადაეცა, როგორც განსაკუთრებულ სტუმარს.
მივულოცე, ყველანი გახარებულნი ვართ, რომ ჩვენს ქვეყანას ეწვიეთ და ჩვენი მაყურებელი გაახარეთ-მეთქი. ბოლოს რესტორანში ვიმღერეთ, ვიცეკვეთ.
ყოველგვარი ქედმაღლობისგან შორს დგას. ძალიან ღირსეული და თბილი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. გვაქებდა, გვადიდებდა, გვეფერებოდა... ჭეშმარიტი ვარსკვლავია.