განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გათეთრების საქმეში ბრალდებულ საბა პოღოსოვს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გათეთრების საქმეში ბრალდებულ საბა პოღოსოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა.

პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა თაღლითური სქემის მთავარ ორგანიზატორს, ამერიკის მოქალაქე გილბერტ რიჩარდ არმენტასაც. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს - მათ 30 000 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ.

საბა პოღოსოვის ადვოკატი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესი იმიტირებული იყო.

„ეს იყო იმიტირებული პროცესი. მოსამართლე წარმოადგენდა პროკურატურის მხარეს, რაზეც დავაყენეთ შუამდგომლობა აცილების შესახებ. ბუნებრივია არ აიცილებდა, მოსალოდნელიც იყო ეს. "კაპიტალ პლიუსში" საერთოდ პოზიციას არ იკავებდა, წარმომადგენელი იყო საქართველოში გილბერტის," - აცხადებს საბა პოღოსოვის ადვოკატი გიორგი ღვინიაშვილი.

შეგახსენებთ, საქმე ეხება თანხების უკანონო ბრუნვას საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანია „კაპიტალ ბანკში".

დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე 5 ფიზიკური და 12 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - ლიკვიდაციას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ჯარიმას ან/და ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.