1728312638
EXCLUSIVE: „ვიღაცამ შემთხვევის ადგილი გაასუფთავა"- ზურაბ ზვიადაურის საქმის გაუხმაურებელი დეტალები
მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაურის საქმეზე, ინფორმირებული წყარო, „პრაიმთაიმს“ ექსკლუზიურად უყვება, რომ დაუდგენელმა პირებმა შემთხვევის ადგილი, მკვლელობის დროს გასროლილი ტყვიების ჰილზებისგან გაწმინდეს.
საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევის ადგილიდან მოშორებითაა ნაპოვნი, ნიკა კენჭოშვილის კუთვნილი იარაღიც, საიდანაც ათზე მეტი გასროლა განხორციელდა.
„შემთხვევის ადგილზე სულ ოცამდე ტყვია გაისროლეს, ნაპოვნია მხოლოდ ოთხი- ხუთი ჰილზა. მოშორებით, ისიც გარკვეული დროის შემდეგ, იპოვეს კენჭოშვილის იარაღი, რომლიდანაც ცოცხალაშვილსა და ზვიადაურის ძმას ესროლეს. ოთხი ტყვია მხოლოდ ცოცხალაშვილს ჰქონდა მოხვედრილი. გარდაცვლილების გარდა, დაჭრილებიც ხომ იყვნენ? ბუნებრივია, ისმის კითხვა, სად წავიდა ჰილზები, ან როგორ მოხვდა მკვლელობის იარაღი ასე შორს? ვიღაცამ შემთხვევის ადგილი "გაასუფთავა" .ზვიადაური ამას ვერ გააკეთებდა, საავადმყოფოში გააქცია დაჭრილები. ვის აწყობდა ჰილზების გადამალვა, დასკვნა მსაჯულებმა უნდა გააკეთონ, როცა საქმეს გაეცნობიან"- ჰყვება წყარო.
„პრაიმთაიმისათვის“ ასევე ცნობილი ხდება, რომ გამოძიებამ უკვე მიიღო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მკვლელობის მომენტში, ზურაბ ზვიადაურის ფსიქიკურ მდგომარეობას აღწერს.
ინფორმირებული წყარო ჰყვება, რომ დასკვნაში აღწერილი მდგომარეობა, ფაქტობრივად აფექტს წარმოადგენს.
„დასკვნაში უბრალოდ, სიტყვა აფექტი ნახსენები არ არის, დანარჩენი აღწერა სრულად აფექტია და საქმის მასალების მიხედვითაც, ბრალდებულს იქ არსებული ვითარების ნაწილი არ ახსოვს. ჩვენებაც ხომ არსებობს, სასამართლო პროცესებზე ვინც უსმენდა, ყველამ ნახა, რომ გარკვეული ეპიზოდები, არ იცის".
„პრაიმთაიმი“ ზურაბ ზვიადაურის ადვოკატს, მაგდა კოტრიკაძეს ინფორმაციის დასაზუსტებლად დაუკავშირდა, თუმცა ადვოკატმა განმარტა, რომ დეტალებზე ვერ ილაპარაკებს.
„ მე დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, ყველაფერი მჭირდება იმისათვის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გავამართლო. ამიტომ ვერაფერს გეტყვით"- განაცხადა კოტრიკაძემ.
გამოძიება ზურაბ ზვიადაურს, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ზურაბ ზვიადაური და მასთან ერთად, იარაღის დაუდევრად შენახვისათვის ბრალდებული, ჯაბა ჯანგირაშვილი, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.
ოლიმპიურ ჩემპიონს საბოლოო ვერდიქტი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უნდა გამოუტანოს.
მსაჯულების შესარჩევი პროცესი, თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ერთ-ერთი ადვოკატის კორონავირუსით ინფიცირების გამო, შესარჩევი სხდომა, თებერვლისათვის გადაიდო.
შეგახსენებთ, მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, 2021 წლის აგვისტოში მოხდა.
ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი პირი. გარდაცვლილებს შორის, ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმაა.