ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობა პარლამენტში გრძელდება - დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სასამართლო რეფორმის შესახებ იმსჯელებენ

კომიტეტია

ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობა პარლამენტში გრძელდება. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სასამართლოს რეფორმის შესახებ იმსჯელებენ. სამუშაო ჯგუფი გაფართოებული ფორმატით შეიკრიბება და საკითხს შინაარსობრივად განიხილავენ. დღესვე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ ერთ-ერთ პუნქტზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში მოსმენა გაიმართება, რომელიც საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკულად გამოყენების თაობაზე კანონპროექტის შემუშავებას შეეხება. წარმოდგენილი იქნება კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივებიც.

„ეს სამუშაო ჯგუფი გაფართოებული ფორმატით შეიკრიბება, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად იქნებიან წარმოდგენილი სახელმწიფო უწყების, სასამართლო სისტემის, სამოქალაქო სისტემის წარმომადგენლები. ჩვენი მიზანია, რომ თითოეული საკითხი დაიდენტიფიცირდეს თითოეული საკითხი, რომელიც შესაბამისი პირების თუ უწყებების მიერ დანახულია გამოწვევად“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ კომიტეტი წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს მხარს დაუჭერს.

„ეს უკავშირდება საკითხს, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის უფრო აქტიურად გამოყენების წახალისებას ქვეყნის შიგნით სასამართლოების პრაქტიკაში. წარმოდგენილი იქნება კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივებიც და ვფიქრობთ, რომ კომიტეტი მხარს დაუჭერს წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს“, - აცხადებს სარჯველაძე.