1732386875
„ერთი პერიოდი ვფიქრობდი, ხომ არ წავიდე საერთოდ სასამართლო სისტემიდან მეთქი, მაგრამ არ მოისვენეს...“ - ლევან მურუსიძე
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან იმ მოტივზე ისაუბრა, რის გამოც იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრად საკუთარი კანდიდატურა დააყენა.
„მოტივაცია შემდეგია, როდესაც საბჭოს მდივნობიდან წავედი, რამდენიმე წელი ჩუმად, წყნარად ვიყავი. რატომღაც არ მოისვენეს არასამთავრობო სექტორი იქნებოდა თუ სხვადასხვა პოლიტიკოსი, ექსპერტი, ხშირად ატრიალებდნენ ჩემს სახელს.
ამას აბამდნენ სასამართლო სისტემას. ჩემი გვარით მურუსიძე რატომღაც უარყოფით კონტექსტში გამოიყვანეს, გვარს აყენებდნენ შეურაცხყოფას, ყველა პრობლემას, რაც ქვეყანაში იყო და სასამართლოში მე მაბრალებდნენ.
რადგან რიგითი მოსამართლე ვიყავი და არ მქონდა საშუალება, რომ პასუხი გამეცა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, თვითონ გავცემ პასუხს, ვიბრძოლებ რომ სასამართლო კიდევ უფრო დამოუკიდებელი იყოს. ამ სისტემაში ვარ გაზრდილი, ვიცი თითოეული მოსამართლე და სასამართლოს პრობლემები. გადავწყვიტე, ჩემი სახელით სპეკულირებას რომ ყველამ დაანებოს თავი, მე მომმართონ და გავცე პასუხი. ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღავლა და დისკრედიტაცია.
სიტყვით ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში რეალურად უნდოდეთ დამოუკიდებელი სასამართლო. ისეთი ლანძღვა მიდის სასამართლოს და მოსამართლის, თუ ადამიანი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს, ასეთი მეთოდებით არ იმოქმედებდა.
არასამთავრობო იქნება თუ სხვა, უნდათ გავლენების მოპოვება სასამართლო სისტემაში, ფიქრობენ, რომ ლევან მურუსიძეს აქვს ავტორიტეტი და ეს ხელის შემშლელია, რომ ხდება მოსამართლეების დარაზმვა ერთ მუშტად, შესაბამისად, სასამართლო იბრძვის დამოუკიდებლობისთვის. ბოლომდე ვიბრძოლებ რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს. თუ ვინმეს სურს სასამართლოს დაეხმაროს, ასეთი ლექსიკით არ იმეტყველებს.
ზოგადად, სასამართლო სისტემაში როდესაც საქმეს ვიხილავთ, ორივე მხარეს ვუსმენთ. ვინც ჩამოდის უცხოელი იქნება თუ შინაური, როდესაც „კლანზე“ საუბრობს და ასახელებს ჩემს სახელსა და გვარს, არავინ მოსულა ჩემთან და არ უკითხავს, ბატონო ლევან, არასამთავრობო სექტორი, რომელიც თქვენს შესახებ ამბობს, რომ თქვენ ხართ „კლანი“ და პრეტენზიებს გიყენებთ, ამ პრეტენზიებზე რა შეგიძლიათ უპასუხოთ. რამდენჯერმე მივმართე, მაგრამ რეალურად, საბჭოს იგნორი ხდება. სადმე გინახავთ, სასამართლოში რამე კარგი ღონისძიება რომ ხდება, ტელევიზია მისულიყოს და გადაეღოს? წლების განმავლობაში ვინმე გინახავთ, დაეფინანსებინოს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სასამართლოზე რამეს მოამზადებს? ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული. არ მგონია, საქართველოში ვინმე ჩემზე პროამერიკული ან პროევროპული იყოს ყველანაირად. აშშ რატომ მომწონს და მიყვარს, ვინც იყვნენ დიდი პიროვნებები, ყოველთვის იყო წახალისებები, ყოველთვის ყველაფერს თავიანთ სახელს არქმევდნენ, თუ რამე კარგი ხდებოდა. ადამიანი უნდა წაახალისო. სასამართლო სისტემასაც დაძაბულობის ფონზე წახალისება სჭირდება. ხომ არ შეიძლება სულ ლანძღვა-გინება იყოს“,- განაცხადა მურუსიძემ.
ის არ გამორიცხავს, რომ მის შესახებ არასასიამოვნო კონტექსტში კვლავ ისაუბრონ.
„ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი, ხომ არ წავიდე საერთოდ სასამართლო სისტემიდან მეთქი, მაგრამ არ მოისვენეს. ლაპარაკობენ სულ, მურუსიძე, მურუსიძე. განაზოგადეს ეს სახელი. მურუსიძე არ არის დიდი გვარი. ბევრ მურუსიძეს ვიცნობ, ისინი წესიერი, პატიოსანი ხალხი არიან. პირადად მე კი არ „მირტყამდნენ“ მარტო, მურუსიძის გვარი განაზოგადეს და როგორც გვარს, წლების განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებენ. საქართველოში დაამკვიდრეს, რომ მურუსიძე არის უარყოფითი და თუ ვიღაცას გააკრიტიკებდნენ, ჩემთან რა გინდათ, მურუსიძეა ჩემზე უარესიო. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის წყნარად ვიყავი, საქმეებს ვიხილავდი.
დღეს არ აქვთ საშუალება, თორემ ცეცხლზეც დაგვწვავდნენ ეს არასამთავრობოები. პირდაპირ გეუბნებით, უბრალოდ, ისინი ამას ადამიანის უფლებების და დემოკრატიის სახელით აკეთებენ. თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, მათ არც ადამიანის უფლებები ანაღვლებთ და არც დემოკრატია“, - ამბობს მურუსიძე.