1747174002
დერცელის სკოლა გაფლანგულ 143 000 ლარს ითხოვს - რას ამბობს ყოფილი ბუღალტერი, რომელმაც თანხა აზარტულ თამაშებში დახარჯა

ახალციხის რაიონულ სასამართლოში დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტრის ნ.ჯ-ს და ამავეს სკოლის დირექტორის მერაბ ბერიძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
ბუღალტერს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისება ედება ბრალად, დირექტორს კი სამსახურებრივ გულგრილობა. ორივე მათგანი თავს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობს. დღეს გამართულ პროცესზე კი ნ.ჯ-ს ადვოკატმა, ნინო გიგაურმა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უდავო გახადა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯაროს სკოლის ბუღალტერმა, დიდი ოდენობით თანხა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა. ამის გამო, სამსახურიდან დირექტორიც გაათავისუფლეს. მერაბ ბერიძეს ბრალი სამსახურებრივ გულგრილობაში ედება.
სკოლის დირექტორი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს, მან მიმდინარე წლის 18 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულება უდავო გახადა.
რაც შეეხება სკოლის ბუღალტერს, როგორც დღეს გამართულ პროცესზე მისმა ადვოკატმა ნინი გიგაურმა განმარტა, ნ.ჯ ბრალს თავიდანვე აღიარებდა და გამოძიებასთან თანამშრომლობა, თუმცა ამ დრომდე წარდგენილი მტკიცებულებები სადავოდ ფორმალურად იყო გამხდარი, რადგან მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე მიმდინარეობდა.
„ჩვენც თავს ვცნობთ დამნაშავედ, ვაღიარებთ პირველივე დღიდან, უბრალოდ ამ ეტაპზე სანამ საპროცესო შეთანხმებაზე მიდიოდა მოლაპარაკება ფორმალურად იყო სადავოდ გამხდარი, დღეის მდგომარეობით კი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შეთანხმებით ვამბობთ, რომ მტკიცებულებები გამოცხადდეს უდავოდ“,- განაცხადა სასამართლო პროცესზე ნინო გიგაურმა.
მერაბ ბერიძეც თავს დამნაშავედ ცნობს, მისი ადვოკატის, ნინო დემეტრაძის განმარტებით, მათი მხრიდანაც ყველა მტკიცებულება უდავოდაა გამხდარი.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ, ნ.ჯ-ს ადვოკატმა ნინო გიგაურმა განმარტა, რომ საპროცესო შეთანხმება ვერ შედგა, რადგან სკოლა მიყენებული ზარალის ერთიანად ანაზღაურებას ითხოვს, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ შეუძლია.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე