„დაზარალებულად ცნობილი პირი იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ და დანის მეშვეობით ცდილობდა შალვა იაშვილისათვის დაზიანების მიყენებას“ - ძალადობაში ბრალდებული კაცის ადვოკატი

რენატა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარის განმარტებით, ერთადერთი შემაკავებელი აღკვეთის ღონისძიება არის პატიმრობა, რათა შალვა იაშვილმა არ მოახდინოს მოწმეებზე ზემოქმედება და არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, თბილისში, ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც, მას სახეზე დაზიანებები მიაყენა. ბრალდების მხარეს გააჩნია არაერთი მტკიცებულება აღნიშნული ბრალდების დასადასტურებლად. რაც შეეხება აღმკვეთ ღონისძიებას - ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, ვინაიდან არსებობს დანაშაულების საქმიანობის გაგრძელების საფრთხე და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რომლის გასანეიტრალებლადაც ერთადერთი საშუალება აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაა,"- აცხადებს ბრალდების მხარის ადვოკატი.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, მისი უფლებადამცველი აცხადებს, რომ შალვა იაშვილის მხრიდან არ ყოფილა რაიმე სახის ძალადობა და პირიქით, დაზარალებულად ცნობილმა პირმა, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო, შალვა იაშვილზე იძალადა და ამ დროს ცივი იარაღი - დანა გამოიყენა:

არსებობს პირდაპირი მოწმე, მათ შორის, დაზარალებულად ცნობილი პირის მეჯვარე და მისი სხვა უახლოესი მეგობრები, რომლებიც საგამოძიებო ორგანოს აწვდიან ინფორმაციას, რომ შალვა იაშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის ძალადობას. პირიქით, დაზარალებულად ცნობილი პირი იმყოფებოდა ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ, პირველივე წუთებიდან შალვა იაშვილის მიმართ ავლენდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც შემდეგ ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა მისი მხრიდან და ცდილობდა სხვადასხვაგვარი დაზიანების მიყენებას შალვა იაშვილისთვის. მათ შორის, დაზარალებულად ცნობილი პირი არ მოერიდა ცივი იარაღის გამოყენებას და დანის მეშვეობით ცდილობდა შალვა იაშვილისთვის დაზიანების მიყენებას“, - აცხადებს დაცვის მხარის ადვოკატი.