დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე 400 გრამის ოდენობის ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა

ოქრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზედაც ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ, თბილისის აეროპორტის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 400 გრამის ოდენობის ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ 43 676 ლარი შეადგინა.

აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 5-იდან 7 წლამდე ვადით.

კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ამოღებული ოქროს ნაკეთობები, დაექვემდებარება სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.