ჩემი გენერალურ პროკურორად არჩევის შემთხვევაში განვაახლებ სისხლის სამართლის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტს - გიორგი გაბიტაშვილი

გიორგი გაბიტაშვილი

ჩემი გენერალურ პროკურორად არჩევის შემთხვევაში განვაახლებ სისხლის სამართლის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტს. პრიორიტეტულად გაიწერება ის მიმართულებები რაც პროკურორმა უნდა მიიღოს მხედველობაში თავისი საქმიანობის დროს. გაიწერება პროკურატურის მიზნები, რომ მართლმსაჯულება იყოს სწრაფი და ეფექტიანი - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა, დოკუმენტში გამჭვირვალედ უნდა ჩამოყალიბდეს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შესაბამისი საფუძვლები, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს დანაშაულის ხასიათი, სიმძიმე, დამნაშავის პიროვნება, მოსალოდნელი სასჯელი და რესოციალიზაციის მიზნებიც.

გიორგი გაბიტაშვილის თქმით, დოკუმენტით უნდა განისაზღვროს გარემოებები, რა შემთხვევაში უნდა გაატაროს პროკურორმა მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა, მძიმე ძალადობრივ დანაშაულებზე, სქესობრივ დანაშაულებზე, ქურდული სამყაროს, ნარკოგამსაღებლების წინააღმდეგ და სხვა.

„ასევე განისაზღვრება ლიბერალური პოლიტიკის გამოყენების საფუძვლები, ასეთ პოლიტიკას დღეს ჩვენ პრაქტიკაში ვატარებთ, მაგალითად გაუფრთხილებელი დანაშაული, ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახ დანაშაულებზეც. ზოგიერთ შემთხვევაში ცალკეულ ეკონომიკურ კატეგორიის დანაშაულის მიმართაც, რომელსაც არ მოჰყოლია მძიმე და გამოუსწორებელი შედეგი“ - აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.

გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, აღნიშნული სახელმძღვანელო პრინციპების პრაქტიკაში რეგულირება ხდება სახელმძღვანელო მითითებებით. მისი თქმით, პროკურატურაში დაახლოებით 40-მდე ასეთი სახელმძღვანელო მითითებაა, რომელიც ერთ შემთხვევაში არეგულირებს გამოძიების და საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების საკითხებს, ხოლო ნაწილი არეგულირებს ზოგადად გავრცელებულ დანაშაულებთან დაკავშირებით როგორც აღკვეთის ღონისძიების სახეობებისა და ოდენობების, ასევე საპროცესო შეთანხმების პირობების საკითხებს.

„ვფიქრობ, რომ საქართველოს პროკურატურა დღეს ახორციელებს დაბალანსებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას, რომელიც ეფუძნება მონიტორინგისა და ანალიზის შედეგებს და ჩემი გენერალურ პროკურორად არჩევის შემთხვევაში ეს ასე დარჩება თუ ამ შედეგებისა და მონიტორინგის ანალიზი სხვა რამეს არ გვიჩვენებს“ - აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.