1785095778
ბრალდებულმა, სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი კადრები უკანონოდ შეინახა და „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს - პროკურატურამ ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს. ასევე, ბრალდებული, სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად, დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის თანამრომლებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე 27 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) და 151 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ადევნება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.











