ბათუმში ზღვაში დაღუპული მოზარდის საქმე - რაზე მსჯელობს ამ წუთებში სასამართლო

შავი ზღვა

შავ ზღვაში დაღუპული მოზარდის 16 წლის ლუკა აბულაძის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში განიხილავს. მოსამართლე ლევან ყოლბაიას გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომა  არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე დაიხურა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულზე სამი პირი დააკავა. ზურაბ საღინაძეს ბრალად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება, ორს კი, ნოდარ მამულაძესა და ლუკა მარკოიძეს, დანაშაულის შეუტყობინებლობა. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 4 ივლის მოხდა. გამოძიების ვერსიით, 4 არასრულწლოვანი კატერზე გამობმული ე.წ ბანანით ზღვაში გაიყვანეს და წყალში განზრახ გადაყარეს და მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცეს. 4 მოზარდიდან სამმა ნაპირზე გამოსვლა მოახერხა, ლუკა აბულაძის ცხედარი მაშველებმა გუშინ იპოვეს.