ბათუმში მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

ლენტა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1995 წელს დაბადებული ფ.ქ. და 1989 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა-ტარება და განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 21 ივლისს ღამის საათებში, ავტომობილით გადაადგილებისას ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კაზინოს მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სროლის შედეგად დაზიანდა კაზინოს კარი და ფასადის ნაწილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ფ.ქ. და ი.გ. ბრალდებულის სახით დააკავა.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 239-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.