დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სპეცოპერაცია ათენში ქართული მაფიის წინააღმდეგ - დღეს „კურიერმა“ ექსკლუზიურად გაარკვია დანაშაულებრივი დაჯგუფების იმ წევრების ვინაობა, რომლებმაც ათენში ათეულობით სახლი გაძარცვეს. საბერძნეთის პროკურატურის ინფორმაციით, კარგად ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას სათავეში ედგა გავლენიანი ქართველი „კანონიერი ქურდი“ კაკო ბილანიშვილი.
შავი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი 12-კაციან დაჯგუფებასთან ერთად ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 10 მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ბერძენმა სამართალდამცველებმა ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და ავტომობილები ამოიღეს. ასევე, ამოღებულია „კანონიერი ქურდის“ კუთვნილი ე.წ. კასტეტი და რამდენიმე ხელჯოხი, რომელიც ბასრი იარაღის ფუნქციას ასრულებს. საერთო ჯამში, ნაძარცვი ნივთების ღირებულება 400 ათას ევროს აჭარბებს.
72 წლის აკაკი, იგივე კაკო ბილანიშვილი, საბერძნეთში მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდი ათენში დააპატიმრეს. გავლენიან კრიმინალურ „ავტორიტეტს“ საბერძნეთის პოლიცია ორგანიზებული დაჯგუფების ლიდერად მოიხსენიებს. „კურიერის“ ინფორმაციით, ბილანიშვილთან ერთად დაკავებულია მისი დაჯგუფების 12 წევრი. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებს შორისაა ადგილობრივი პოლიცილების სახელზე გაფორმებული რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, რაც აჩენს ეჭვს, რომ ქართველების დაჯგუფებამ სამართალდამცველების სახლებიც გაძარცვა. სულ დადგენილია ძარცვის 40-მდე შემთხვევა. ნაძარცვი ნივთების რეალიზაცია კი ძირითადად ათენში მდებარე ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ხდებოდა, რომლის მფლობელიც ასევე დაპატიმრებულია.
„კურიერი“ დღეს დაკავებულთა რამდენიმე საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა. თბილისში, დუშეთში, კასპში, თიანეთსა და კახეთში ბრალდებულთა ოჯახის წევრებმა კამერების წინ საუბარი არ ისურვეს. დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ მეზობლებსაც.
დაკავებულთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია, ნაწილი კი საბერძნეთიდან რამდენიმე წლის წინ გააძევეს, თუმცა შეცვლილი გვარით უკან დაბრუნება მაინც მოახერხეს. დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი სამტრედიიდან არის. ახლობლები "კურიერს" უდასტურებენ, რომ მათი უმეტესობა წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის გასამართლებული.
ე.წ. კანონიერი ქურდი კაკო ბილანიშვილი და დაჯგუფების სხვა წევრები ახლა ათენის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი. ორგანიზებული დანაშაულისთვის პროკურატურამ მათ ბრალი უკვე წარუდგინა.