არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ - ლაშა ფურცხვანიძე

ლაშა ფურცხვანიძე

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ბრალს არც ერთი აღიარებს. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალდებულს „გრინსერვის+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს მიმართა კითხვით, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ.

„არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ",- განაცხადა ფურცხვანიძემ.

მოსამართლის აღნიშნულ კითხვაზე დანარჩენმა ბრალდებულებმაც იგივე პოზიცია დააფიქსირეს, ერთმა, გიორგი ვახტანგაშვილმა კი აღნიშნა, რომ ის დუმილის უფლებით სარგებლობს.

ამასთან, დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომ მოსამართლეს ბრალდებულების მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენები არ გაეზიარებინა და არც მათი შინაარსი გაეჟღერებინა. მოსამართლემ ბრალდებულებს განუმარტა, რომ დღევანდელი სხდომა ამას არც ითვალისწინებდა.