არ მიიღო მედიკამენტი. დატოვა საცხოვრებელი სახლი... - რა თქვა „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულის მშობელმა

ამბასადორი

სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული ანზორ ლომიძეც.

ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე მოსამართლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ახლა საცხოვრებელი არ აქვს:

„განათლება არაფერი… სტანდარტული, 12 კლასი დავამთავრე. თემქაზე ვცხოვრობდი. ახლა საცხოვრებელი არ მაქვს“, – თქვა მან.

ბრალდების მხარე ანზორ ლომიძისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

როგორც სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

“სხვა გარემოებას ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ზოგადად, როდესაც ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ პირი დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი, ჩვენი კანონმდებლობით, ამ დროს, სამართლებრივი დევნა წყდება, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირი იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით კონკრეტული ვადით თავსდება შესაბამის დაწესებულებაში", - განაცხადა ალინა კუკავამ.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებულის მშობლის თქმით, მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და მედიკამენტებს არ იღებდა.

„მან არ მიიღო მედიკამენტი. დატოვა საცხოვრებელი სახლი, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი“, - განაცხადა ალინა კუკავამ.

“ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

28 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა სასტუმროში ხანძრის გაჩენის ფაქტზე მალევე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა, რაც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა.