„არ დარწმუნდა მანევრის უსაფრთხოდ განხორციელებაში და მცირეწლოვანს შეეჯახა...“ - ავტობუსის მძღოლს, რომელმაც 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა, ბრალი წარუდგინეს

ავარია რუსთავში

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის 27 ოქტომბერს, რუსთავში, სამარშრუტო - სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა ისე დაძრა სატრანსპორტო საშუალება, რომ არ დარწმუნდა მანევრის უსაფრთხოდ განხორციელებაში და მცირეწლოვანს შეეჯახა, მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად 3 წლის ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.