ალექსანდრე დარახველიძემ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან - ვიცე-პოლკოვნიკ დევიდ კანადეისთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს თბილისის ოფისის პროგრამის კოორდინატორები.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დევიდ კანადეის ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს დანაყოფების საქმიანობისა და არსებული საჭიროებების შესახებ. მხარეებმა არსებული თანამშრომლობისა და მიმდინარე პროექტების ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა წლების განმავლობაში ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული კომპლექსური გამოწვევების საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით აშშ-ის მხარის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე. მან ხაზი გაუსვა სამინისტროსთვის სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელობას ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა სახმელეთო და სანაპირო საზღვრის დაცვა, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების პრევენცია. შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წლების განმავლობაში გაწეული ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერისათვის.