ალეკო ელისაშვილის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს

შსს ღამით

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი - ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს, - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, ელისაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.- ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო. ალექსანდრე ელისაშვილი სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.