პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.
შესავალი სიტყვის წარმოთქმისას პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა კვარაცხელიას მკვლელობის დეტალებზე ისაუბრა.
„ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დღემდე დუმილის უფლებით სარგებლობდნენ, მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს იარაღი, საბრძოლო მასალა - ტყვიები და მოემზადნენ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობისთვის. „ჰიუნდაი ელანტრა" იქირავეს და მთელი დღის განმავლობაში უკან დასდევდნენ კვარაცხელიას კუთვნილ ავტომობილს და შესაფერის მომენტს ელოდებოდნენ. საღამოს საათებში, კავილაძე იჯდა საჭესთან, გვერდით ეჯდა ალეკო ჭელიძე, ნახეს კვარაცხელიას ავტომობილი, გაჰყვნენ მას უკან და მას შემდეგ, რაც ის ანჯაფარიძის ქუჩაზე შევიდა და ავტომობილი დააპარკინგა, კურიერთან მივიდა და გამოწერილი ნივთი გამოართვა. გიორგი კავილაძემ მანქანა კვარცხელიას მანქანიდან 15-20 მეტრში გააჩერა, საიდანაც ჭელიძე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გადმოვიდა.
ჭელიძე კვარაცხელიას ავტომობილთან დაელოდა, როდის დაბრუნდებოდა უკან. ნივთის აღების შემდეგ, კვარაცხელია პირისპირ ხვდება აკო ჭელიძეს, ის ზურგით შეტრიალდა ჭელიძისკენ, ბრალდებული იღებს ცეცხლსასროლ იარაღს და თითქმის მიბჯენით, იწყებს მისთვის ზურგში სროლას, ვაზნები არ ელევა, ერთი, ორი, სამი, ოთხი მოარტყა, კვარაცხელიამ ვერაფერი ქნა, მანქანაშიც ვერ ჩაჯდა, ძალაც არ ეყო და მანქანის უკან გაიქცა. კვარაცხელიაც და ჭელიძეც ტოლები არიან, არ ვიცი რა უნდოდათ. კვარაცხელია უკან ცდილობს გაქცევას, ჭელიძე უკან მისდევს, არ ანებებს თავს, კიდევ ერთი სროლა, კიდევ მეორე სროლა, მაინც არ დაანება თავი, წაქცეულს ესვრის, დაიღალა თვითონაც და მჭიდიც დაცალა. კვარაცხელია სისხლისგან იცლებოდა, ჭელიძე გაიქცა და კავილაძის ავტომობილში ჩაჯდა და ორივე გარბის.
ორივე აგლაძის ქუჩაზე დატოვებულ მანქანაში გადასხდნენ, მერე ტაქსებში, ყოველდღე იცვლიდნენ ადგილსამყოფელს და ბოლოს დავაკავეთ. მკვლელობა კამერების ქვეშ ხდება, დათვლა შეიძლება სროლების, როგორ გარბის კვარაცხელია მანქანის უკან და როგორ ესვრის მას ჭელიძეს, ეს ყველაფერი ჰოლივუდური ფილმის სცენარია, ამ ყველაფერს მტკიცებულების სახით წარმოგიდგენთ და თქვენც ზუსტად ეს განცდა დაგრჩებათ, რა განცდითაც ახლა გესაუბრებით,“ - განაცხადა პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა.