ვინ არის პირი, რომელიც ბიზნესმენთან ერთად გადაადგილდებოდა - ახალი დეტალები ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეზე

ლევან კაჭარავა

53 წლის ბიზნესმენის მკვლელობის დეტალებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. ჯერჯერობით არ დაუკავებიათ არც სავარაუდო დამნაშავეები. ქართველი ბიზნესმენი თბილისი-წყნეთის მიმართულებით თანამშრომელთან ერთად გადაადგილდებოდა.

„კურიერის" ინფორმაციით, ის 32 წლის ბუღალტერი ირაკლი აბულაძეა, რომელიც ლევან კაჭარავასთან ერთად, სავარაუდოდ, შემთხვევით აღმოჩნდა. ისინი 6 საათამდე ბიზნესს შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც ის ლევან კაჭარავასთან ერთად წყნეთის მიმართულებით გაემგზავრა.

ირაკლი აბულაძე გუშინ გვიან ღამემდე საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა და გამომძიებლებს ჩვენებს აძლევდა. ასევე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი მისი მონაწილეობით და შემთხვევის ადგილზე დეტალურად აღწერა, რა მოხდა გუშინ ბაგებში.

სავარაუდოდ, დაკითხულია უშუალოდ ლევან კაჭარავას მძღოლი, რომელიც გუშინ მასთან ერთად არ იმყოფებოდა. ცნობილია, რომ კახა ცირდავა ლევან კაჭარავასთან წლების განმავლობაში მუშაობდა.

საგამოძიებო მოქმედებები და სამძებრო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. უცნობია, რა ვერსიაზე მუშაობს საგამოძიებო უწყება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.