ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა ნაწილი წინასწარი მოთავსების იზოლატორში უფლებადამცველებმა მოინახულეს

ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა ნაწილი წინასწარი მოთავსების იზოლატორში უფლებადამცველებმა მოინახულეს

გვიან ღამით ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ნაწილი თბილისის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული.

დაკავებულების მოსანახულებლად მათი უფლებადამცველები იმყოფებიან. ადვოკატების განცხადებით, დაკავებულთა ნაწილს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ. დროებითი მოთავსების იზოლატორში ასევე იმყოფებიან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები. გამომძიებლები დაკავებულებს სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომებთან დაკავშირებით გამოკითხავენ.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში 29 ნოემბერს რუსთაველზე დაკავებული პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის, ირაკლი წულაიას და ამავე აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი პირის, ირაკლი დიასამიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ორივე მათგანს სახეზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ. მათ საქმეს მოსამართლე ზვიად ცეკვავა იხილავს.

როგორც დაკავებულმა ირაკლი დიასამიძემ განაცხადა, ჭიჭინაძის ქუჩაზე 29 ნოემბერს სპეცრაზმელები თავს დაესხნენ და ფიზიკურად იძალადეს. წულაიას ახლობლების განცხადებით კი, პარტიის „საქართველოსთვის“ წევრს სპეცრაზმელები თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც სახლში შვილი წაიყვანა და აქციაზე ბრუნდებოდა. დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. მათ გარდა, დაგეგმილია დღის განმავლობაში სხვა პირების ადმინისტრაციული საქმეების განხილვაც.