31 წლის ქართველს, რომელიც ჰააგის ფესტივალზე ქალს ნემსით აბრუებდა, პატიმრობა მიუსაჯეს

ნიდერლანდები

ნიდერლანდური მედიის ინფორმაციით, 31 წლის ქართველ კაცს, ლ.ვ. -ს ვინც ჰააგაში მუსიკალურ ფესტივალზე ქალს ნემსით აბრუებდა  5-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

შემთხვევა ჰააგაში, ზუიდერპარკში ღია ცის ქვეშ გამართულ ცეკვის ფესტივალზე, 18 ივნისს მოხდა. კაცი შემთხვევის ადგილას დააკავეს. პოლიციამ მას კანქვეშა ინიქციისთვის გამოსაყენებელი ნემსი უპოვა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შპრიცში შეყვანილი იყო სხვადასხვა ნივთიერება, მათ შორის, კოკაინი და ჰეროინი.

ინციდენტს რამდენიმე მოწმეც ჰყავს. მათი თქმით, დაინახეს,  31 წლის კაცმა ნემსი რამდენიმე ადამიანს როგორ ჩაარჭო. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს ნიდერლანდებში ნემსით ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ნივთიერების უნებართვოდ შეყვანის შემთხვევაზე პირველი სასამართლო პროცესია.

„ჩვენ შედარებით ახალ ფენომენზე ვსაუბრობთ. საშინელებაა რაც ჩაიდინეთ, ეს დაუშვებელია. მკაფიო უნდა იყოს, რომ ამგვარ ქმედებას პასუხი მოჰყვება. ეს უნდა შეწყდეს“, - განაცხადა მოსამართლემ სასამართლო პროცესზე.

შემთხვევის შედეგად დაზარალებულმა ქალმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. მედიკოსებმა მის ფეხზე წითელ წერტილი აღმოაჩინეს, რაც მათი თქმით, „თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას“, რომ ნანემსარია.

დაზარალებული თავს შეუძლოდ გრძნობდა, თავბრუ ეხვეოდა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს.

ბრალდებულმა აღიარა, რომ მას თან ჰქონდა ნემსი და შპრიცი, თუმცა განაცხადა რომ ის პირადი მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი, რადგან კბილი სტკიოდა. ის ვინმეზე თავდასხმას უარყოფს.

„მაბრალებენ, რაც არ გამიკეთებია“ - განაცხადა ბრალდებულმა.