პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სოფელ ჩუმლაყში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჯ.ტ.-ს კონფლიქტი ჰქონდა მ.ბ.-სთან, რის გამოც შურისძიების მოტივით მისი მკვლელობა განიზრახა.

მსჯავრდადებული 25 მარტს, დილის საათებში, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყთან, საავტომობილო გზაზე ჩაუსაფრდა დაზარალებულს და მისი ავტომანქანის მიმართულებით მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადად გაისროლა. სროლის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანებები  მიიღეს დაზარალებულმა და ავტომანქანაში მყოფმა ორმა პირმა, ხოლო ერთი პირი მიყენებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2021 წლის 26 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარება, ) წარედგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 22 დეკემბერს, ჯ.ტ. სრულად დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.